კოოპერაცია საქართველოში

კოოპერაციის გადარჩენის მიზნით 2006 წელს შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივი "კოოპერატივთა გაერთიანება იბერია", რომელიც აქტიური მონაწილეა კოოპერაციის განვითარების საქმეში. "იბერიამ" მოახერხა შეენარჩუნებინა მსოფლიო კოოპერაციული ალიანსის წევრობა და ახლა, ცეკავშირთან ერთად, გადამჭრელ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოში კოოპერატივების აღდგენასა და განვითარებისათვის.

საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს დიდი მოაზროვნის, პატრიოტის, ილია ჭავჭავაძის, თაოსნობით ქ. თბილისში შეიქმნა პირველი კოოპერატივი, რომელსაც ეწოდა "მომჭირნეობა", შემდეგ კი ასეთივე კოოპერაციული გაერთიანებები შეიქმნა როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. ილია ჭავჭავაძის მოწოდებამ "გაუმართეთ ხალხს ამხანაგობები და ასოციაციები" უდიდესი როლი ითამაშა კოოპერატივების ჩამოყალიბებაში.
საქართველოში კოოპერაციის ორგანიზაციათა შექმნა-განვითარებამ გარკვეული ეტაპი განვლო: ჯერ დაიწყო მომხმარებელთა საზოგადოებების შექმნა, შემდეგ _ შემნახველ-გამსესხებელთა ამხანაგობებისა, ამას მოჰყვა სასოფლო- სამეურნეო, სარეწაო გაერთიანებების, სასოფლო ბანკების, მუშათა გაერთიანებების დაარსება. ყოველივე ამან მასობრივი ხასიათი მიიღო და ამიტომ დაისვა საკითხი მთელი ამ სისტემის მართვის მექანიზმის შექმნის შესახებ.
კოოპერაციის განვითარების მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ცეკავშირის _ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის დაარსება.
1919 წლის 29 მაისს ჩატარდა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების რწმუნებულთა I ყრილობა და დასაბამი მიეცა ცეკავშირის ამოქმედებას.
1919 წლის 13 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივმა ორგანომ _ თბილისის საქალაქო სასამართლომ _ რეესტრში შეიტანა ცეკავშირის წესდება და ცეკავშირი ოფიციალურად გამოცხადდა, როგორც იურიდიული პირი. 1920 წელს დამტკიცდა და გამოიცა ცეკავშირის წესდება. იმავე, 1920 წელს, ცეკავშირის ხელმძღვანელობას ოფიციალურად ეცნობა, რომ დაკმაყოფილებულია მათ მიერ საერთაშორისო ალიანსში გაგზავნილი განცხადება და საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი _ ცეკავშირი მიღებულია კოოპერაციის საერთაშორისო ალიანსის წევრად.
საბჭოთა ხელისუფლების დროს კოოპერაციამ დიდ წარმატებას მიაღწია. იგი ფაქტიურად შეერწყა სახელმწიფოს და ემორჩილებოდა სახელმწიფოს მეთაურის და პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებებს. ამის შედეგად ცეკავშირის სისტემაში შეიქმნა მყარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მთელი სისტემა, კოოპერატიული ინსტიტუტების და ტექნიკუმების ფართო ქსელი.
ცეკავშირის სისტემა საქართველოში მთლიანად ემსახურებოდა სოფლის მოსახლეობას, როგორც ვაჭრობის ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადება-გადამუშავების დარგით.
შეიქმნა სამრეწველო საწარმოები, გამოშვებული პროდუქციის ნამატი იგზავნებოდა ექსპორტში და ა.შ.
21-ე საუკუნის დასაწყისში ცეკავშირის სისტემის ქონება 20 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა, მაგრამ ცეკავშირის სისტემის მიმართ განხორციელდა ისეთი ღონისძიებები, რომელთა შედეგადაც ეს სისტემა დაღუპვისა და განადგურების პირას იქნა მიყვანილი.
Designed By : IBERIA